- მარია! - კარისკენ სათლით ხელში მიმავალს დავუძახე.
მოტრიალდა და დაღლილი, უსიცოცხლო თვალებით შემომხედა. მის მკრთალ თითქოსდა უნაკვთო
სახეს მხოლოდ წითელი ტუჩები აძლევდა ფერს.
- მინდა რომ დაგხატო!
- მე? - გაკვირვებისგან შეკრთა და დაჭმუჭვნილ, გაცრეცილ
ქვედა ბოლოს დახედა. მუხლებთან გახეული კაბა სხვა ნაჭრებით ჰქონდა ჩაკერილი. ხელი ჩავკიდე
და სკამთან მივიყვანე...
მოუსვენრად იჯდა. ვუყურებდი მზის სხივებისგან მიტოვებულ
თეთრ სახეს და მის უბოროტო თვალებში საკუთარ უსუსურობას ვხედავდი.
ფუნჯი როგორც კი დავდე სკამიდან წამოხტა, სათლი აიღო
და ისევ კარისკენ გაეშურა.
- არ შეხედავ? - ნახატი მისკენ მივატრიალე. წამიერად თვალებში უამრავმა ემოციამ გაუელვა.
ნახატისკენ დაიხარა, დაკვირვებით შეხედა საკუთარ თავს
- როგორ მიხდება. - თქვა და ყურის ცარიელ ბიბილოს შეახო ხელი...
კისერზე ხელები შემომხვია, ლოყაზე მაკოცა, სურათი ხელიდან
გამომტაცა და სიხარულით ოთახიდან გაიქცა.
პირველად ენახა მარგალიტის საყურე საკუთარ თავზე.
Comments
Post a Comment